„მიუხედავად რთული ვითარებისა და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება სავსებით შესაძლებელია,“ — ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა .
„საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გამოვრიცხავთ პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება“, - განაცხადა გალუზინმა.
მისივე თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ვითარდება და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,5-ჯერ გაიზარდა და 2,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. გარდა ამისა, მაჩვენებლები ტურიზმის სექტორში და რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ამასთან, გალუზინმა სინანულით აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიზნით, თბილისი აყენებს მოთხოვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რეგიონში განვითარებულ რეალობას.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში სავიზო რეჟიმი არ მოქმედებს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა ვიზის გარეშე შეუძლიათ.