Goldman Sach-ის შემდეგ რუსეთს უმსხვილესი ამერიკული ბანკ JPMorgan Chase-ც ტოვებს. სხვა ასობით საერთაშორისო კომპანიის მსგავსად, JPMorgan-ის გადაწყვეტილების მიზეზიც რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ისა და CNBC-ზე დაყრდნობით Forbes.ru ავრცელებს.
როგორც CNBC-ს ბანკის პრეს-სპიკერმა ტაშა პელიომ განუმარტა, ბანკი ამჟამად საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესს ასრულებს.
JPMorgan დღევანდელი ფორმითა და სახელით 2000 წლიდან ოპერირებს, თუმცა მისი ისტორია ბევრად უფრო ძველია და 1799 წლიდან იწყება, ქრონოლოგიურად ის ამერიკაში მესამე და მსოფლიოში 31-ე ბანკი იყო.
JPMorgan-ის აქტივები დღეს $3.1 ტრლნ-ს აღწევს, კაპიტალიზაცია $390 მლრდ-ს, 2021 წელს ბანკის წმინდა მოგებამ $48 მლრდ შეადგინა. მსოფლიო მასშტაბით ბანკი 271 ათას ადამიანს ასაქმებს.
JPMorgan ერთ-ერთია ასობით კომპანიას შორის რომელმაც ბოლო ორ კვირაში რუსული ბაზარი დატოვა. უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთიდან გავიდა თითქმის ყველა ცნობილი ავტომწარმოებელი, ტექნიკის მწარმოებელი, ტანსაცმლის მაღაზია, მოდის სახლი და სწრაფი კვების რესტორნების ქსელი.