„რუსეთს ევროკავშირის სახით მონსტრის სახის შექმნა სურს, რომელზეც კარგად ჯდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული პოლიტიკა“, - ასე გამოეხმაურა თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო ყოფილი მინისტრი, ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწის მაქსიმ ღვინჯიას განცხადებას, რომ უკრაინისთვის და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რეგიონში არასტაბილურობის მიზანმიმართული წაქეზებაა.
პაატა ზარაქეიშვილის აცხადებს, რომ მაქსიმ ღვინჯიას მიერ გაკეთებულ განცხადებაში უცნაური არაფერი არ არის.
„ეს არის გაგრძელება იმისა, რასაც ამბობს საქართველოს ხელისუფლება. ღვინჯიას ეს განცხადება და ის, რომ სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი გამოვიდნენ ქართული ოცნებიდან, გახდნენ უფრო რადიკალურები და აცხადებენ, რომ ევროკავშირს ომი უნდოდა - ერთმანეთში კარგად ჯდება: ქართული ოცნების ცალკე, სოზარ სუბარის გუნდის ცალკე და ცალკე მაქსიმ ღვინჯია.
ახლა მთავარი მესიჯი რა არის? ევროკავშირი გვითრევს ომში და ეხმარება მხოლოდ მათ ვინც ომში არის. უკრაინას ეხმარება და მიიღო კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ ომობს ევროკავშირის ნაცვლად. მოლდოვა იმიტომ, რომ ასევე ომის პირასაა და საუბრობს ომის აგრესიაზე. აი საქართველო კაი სახელმწიფოა, ჩუმია, ბუნჩულაა, უფრო მეტად ეკუთვნის ევროკავშირის სტატუსი, მაგრამ არ ღებულობენ, იმიტომ რომ ომში არ ერთვება. დღეს იგივე განცხადება გააკეთა სოზარ სუბარმაც ანუ მე მგონია, რომ კარგად გამოიკვეთა: უნდოდა თუ არ უნდოდა ეს მოსკოვს, რომ ამ ინფორმაციის წყარო არის რუსეთი. რომ შექმნას ილუზია, რომ ევროკავშირი არის ომის კავშირი და ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ომში ჩაითრიოს. ვინაიდან საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს, ამიტომ არ მისცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს გაიმეორა მაქსიმ ღვინჯიამაც, რომ საქართველოს ყველაზე მეტად ეკუთვნოდაო, მაგრამ არ მისცეს, იმიტომ ომში არ ჩაერთოო. დღეს სოზარ სუბარმა გააკეთა განცხადება, რომ 6 თვის მერეც არ მოგვცემენ და არც არასოდეს არ მოგვცემენ წევრობის კანდიდატის სტატუსს, იმიტომ რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებიო.
ევროკავშირს საქართველოს ომში ჩართვა არაფერს არ აძლევს. ეს არის ბოდვა. ეს არის ტყუილი. რათა მოხდეს დისკრედიტაცია ევროკავშირისა რუსეთის თვალში და რუსეთს ახლა უნდა ევროკავშირის სახით მონსტრის სახე შექმნას. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელზედაც კარგად ჯდება როგორც აფხაზური ასევე ქართული პოლიტიკა. ბელორუსული პოლიტიკაც, იმიტომ რომ ლუკაშენკოც დიდი ხანია ამაზე ლაპარაკობს. სამწუხაროა, რომ საქართველოში აბსურდულ იდეებს ასე ახურდავებენ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.