ერთ–ერთი უმსხვილესი რუსული გაზის კომპანია „ნოვატეკის“ ყოფილი ტოპ–მენეჯერი სერგეი პროტოსენია ესპანეთში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად მოკლულები იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივ ტელეკომპანია Telecinco–ზე დაყრდნობით რუსული მედია წერს. ესპანური ტელეარხის ინფორმაციით, პროტოსენია 400 მლნ ევროს ქონებას ფლობდა და საფრანგეთში ცხოვრობდა. ესპანეთში ოჯახი სააღდგომოდ ჩავიდა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სამი ადამიანის ცხედარი ლორეტ–დე–მარის დასახლებაში ერთ–ერთ სახლში იპოვეს. კატალონიის პოლიციაში რუსულ სააგენტო TACC–ს დაუდასტურეს, რომ განიხილება ვერსია, რომლის თანახმად შესაძლოა ბიზნესმენმა ჯერ მეუღლე და ქალიშვილი დახოცა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. დაღუპულების სახელებს პოლიცია ჯერ არ ასაჯაროებს.
რამდენიმე დღის წინ მოსკოვში მოკლული იპოვეს „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი ვლადისლავ ავაევი და მისი ოჯახის წევრები. წინასწარი ინფორმაციით, ავაევმა ჯერ ცოლი და შვილი მოკლა ცეცხლსასროლი იარაღით, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.