117 წლიანი ანექსიის შემდეგ დამოუკიდებლობის პირველი აღდგენიდან და პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 103 წელი გავიდა. 1918 წლის 26 მაისს, 16:50 სთ-ზე, თბილისში მეფინსნაცვლის ყოფილ სასახლეში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა. გადაწყვეტილებას რამდენიმე საათით წინ ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლა უძღოდა.
დამოუკიდებლობის გამოცხადება საქართველოს უმძიმეს პერიოდში მოუწია. რუსეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ევროპაში - პირველი მსოფლიო ომი, მთელს მსოფლიოში კი ესპანური გრიპი. რუსეთის გარდა საქართველოს ტერიტორიებზე პრეტენზიას თურქეთი და სომხეთიც აცხადებდნენ. ნაომარ იმპერიის კოლონიაში უმძიმეს დღეში იყო ეკონომიკაც.
დამოუკიდებლობის 3 წელზე მოკლე ხნის განმავლობაში საქართველო საერთაშორისო ასპარეზზეც ცდილობდა გასვლას და აგრესორ მეზობლებსაც იგერიებდა, თუმცა ვერც ერთა ლიგაში მოახერხა გაწევრიანება და 1921 წლის თებერვალში დამოუკიდებლობაც ხელმეორედ დაკარგა.
საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც დამოუკიდებლობის გამოცხადების პატივი ხვდა წილად დამოკიდებულება კვლავ ორაზროვანია. ილიასთან დაპირისპირება დღეს უკვე მომხრეებისთვისაც კი ნაკლად მიიჩნევა. ფაქტია ისიც, რომ 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ლიდერებისგან განსხვავებით ჟორდანიას თავისუფლებისთვის არ უბრძოლია. 26 მაისამდე ცოტა ხნით ადრე მისთვის პოლიტიკური ავტონომიაც კი მიუღებელი იყო და კულტურულ ავტონომიაზე თანხმდებოდა. დამოუკიდებლობის საკითხი ფაქტობრივად 1918 წლის მაისში ბათუმურ შეხვედრაზე გადაწყდა, როდესაც გენერალმა ოტო ფონ ლოსომ აკაკი ჩხენკელს განუცხადა, რომ გერმანია საქართველოს თურქული აგრესიისგან მხოლოდ ამიერკავკასიის ფედერაციიდან გასვლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში დაიცავდა. სადავოა თბილისიდან ფრონტის მოხსნისა და ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილებაც. (თბილისიდან ჯარი გენერალმა კვინიტაძემ გაიყვანა, ჟორდანიას პასუხისმგებლობა მთაბვრობის თავმჯდომარის რანგში ეკისრებოდა).
პრობლემების პარალელურა პირველ რესპუბლიკას მიღწევებიც ბევრი ჰქონდა. სახელმწიფოების ნაწილმა მათ შორის რუსეთმა, საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურედ ცნო, სავაჭრო ურთიერთობები დამყარდა მეზობელ ქვეყნებთან, დაიბეჭდა ქართული ფული, სახელმწიფოს ხელშეწყობით გამარტივდა ევროპაში განათლების მიღება, ფორმალურად, მხოლოდ 4 დღით იმუშავა კონსტიტუციამ რომელიც სეკულრაზიმზე და თანასწორობის პრინციპებზე იყო აგებული. მნიშვენოლოვანია ის გარემოებაც, რომ ანექსიის შემდეგ მთავრობის არც ერთ წამომადგენელს კაპიტულაციის აქტზე ხელი არ მოუწერია, რამაც 67-70 წლის შემდეგ ეროვნულ მოძრაობას დავის დამატებითი სამართლებრივი საფუძველი გაუჩინა.
ქვეყნის დემოკრატიულად მოწყობის პრინციპები კონსტიტუციამდე ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის დეკლარაციაში გაიწერა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველო თავის საზღვრებში განურჩევლად ეროვნებისა, აღმსარებლობისა, სქესისა თუ სოციალური მდგომარეობისა ყველა ადამიანის პოლიტიკურ უფლებას თანაბრად უზრუნველყოფდა, საერთაშორისო ომებში კი ნეიტრალიტეტის შენარჩუნების პირობას დებდა.
დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტში 2.5 მლნ-იანი მოსახლეობის 80%-ზე მეტი სოფლად ცხოვრობდა და აგროსექტორის წილიც მთელს ეკონომიკაში ამჟამინდელზე ბევრად მაღალი იყო, იმიტომ არა, რომ აბსოლუტურ გამოხატულებაში მეტ ყურძენს, ხორბალს, კარტოფილს, რძეს ან ხორცს აწარმოებდა, იმიტომ რომ სხვა დარგები ინდუსტრია და მომსახურება თითქმის არ იყო განვითარებული.
ჟორდანიას მთავრობა სოციალისტური იყო, თუმცა მას კერძო საკუთრების აკრძალვა არც უფიქრია. პარალელი შეიძლება დღევანდელ ჩინეთთან ან სკანდინავიის სახელმწიფოებთან გავავლოთ, იმ განსხვავებით, რომ ჩინეთისგან განსხვავებით მაშინდელი ქართული სახელმწიფო და თავად მთავრობაც ქვეყნის შიგნით ბევრად უფრო სუსტი იყო და სკანდინავიის ქვეყნებისგან განსხვავებით ბევრად უფრო ღარიბი.
საქართველოში ქალებმა ხმის უფლება 1918 წელსვე მიიღო. 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებზე, რომელიც სრულად პროპორციული წესით ჩატარდა 130-დან 5 ქალი დეპუტატი აირჩიეს. შედარებისთვის აშშ-ში ქალებმა ხმის უფლება 1920 წელს მოიპოვეს, ესპანეთსა და პორტუგალიაში 1931 წლიდან, საფრანგეთში 1944 წლიდან, იტალიასა და იაპონიაში 1945 წლიდან, კორეაში 1948 წლიდან.
1921 წელს საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმდა. დღეს სასჯელის უმაღლესი ზომა ევროპაში ბელარუსშიღაა შემორჩენილი, მაგრამ სურათი 100 წლის წინ რადიკალურად განსხვავებული იყო. საფრანგეთში ბოლოს გილიოტინა 1977 წელს გამოიყენეს. ბრიტანეთში ბოლოს მსჯავრდებული სიკვდილით 1964 წელს დასაჯეს, 50-იან წლებამდე კი იმავე ქვეყანაში სასჯელს ერთ-ერთ ფორმას გაროზგვა წარმოადგენდა. სიკვდილით ბოლოს პატიმარი ფინეთსა და შვეიცარიაში 1944 წელს დასაჯეს, ნორვეგიაში 1948 წელს, ავსტრიასა და ბელგიაში 1950 წელს, ნიდერლანდებში 1952 წელს, ირლანდიაში 1954 წელს, საბერძნეთში 1972 წელს, ესპანეთში 1975 წელს. საბჭოთა რესპუბლიკებსა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში 90-იან წლებში. საგულისხმოა ისიც, რომ დასავლეთ ევროპაშიც კანონის დონეზე სიკვდილით დასჯა მხლოდ 80-იან, ზოგ შემთხვევაში 90-იან წლებში გაუქმდა და იქამდე უბრალოდ მორატორიუმი იყო გამოცხადებული. საქართველოში ის 1995 წლამდე გამოიყენობოდა, კანონს დონეზე კი 1997 წლის 11 ნოემბერს გაუქმდა.
25 მლნ-ზე, საპატრიარქოსთვის ნაჩუქარ ჯიპებსა და აგარაკებზე სახელმწიფოს მიმართ კრიტიკა ყოველწლიურად იზრდება. 100 წლის წინანდელი სეკულარიზმის პრინციპებზე აგებული კონსტიტუციით მთავრობას სახელმწიფო ქონების ეკლესიისთვის გადაცემა ეკრძალებოდა.
დღეს საქართველო 1 სულ მოსახლეზე შემოსავლით ასეულს მიღმა იმყოფება. რამდენი იქნებოდა ახალგაზრდა სახელმწიფოს არსებობა 3 წელიწადში რომ არ შეეწყვიტა, ზუსტად თქმა შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია ის, რომ საქართველო 2-ჯერ, 2.8-ჯერ უფრო ღარიბია იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც საბჭოთა ოკუპაცია 20-25 წლით შეაჩერეს. 3.3-ჯერ, 5.7-ჯერ უფრო ღარიბი იმ ქვეყნებთან შედარებით რომლებმაც რუსული ჩექმა აიცილეს.
1918 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტში, საქართველოს ფართობი 107.6 ათასი კვადრატული კილომეტრი იყო, რომელიც ხელმეორე ოკუპაციიდან სულ რაღაც 2 წელიწადში 69.7 ათას კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა. საბჭოთა რუსეთმა სოჭი, დვალეთი, საინგილო, ყარაის ველი, ლორე და ტაო-კლარჯეთის ნაწილი მეზობელ ქვეყნებს გადაუნაწილა. დღევანდელი საქართველოს ფართობიც 69.7 ათასი კვადრატული კილომეტრია, საიდანაც თბილისის იურისდიქცია მხოლოდ 80%-ზე - 55.8 ათას კვადრატულ კილომეტრზე ვრცელდება.
გიორგი ელიზბარაშვილი