ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთს აქვს უფლება, რომ მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მის მიერ ადრე ჩადენილი დანაშაულის ადგილზე.
“ვგულისხმობ 2004 და 2008 წლების დანაშაულებებს, რომელიც დანაშაულებად ითვლება გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ გაეროს 1948 წლის კონვენციის მიხედვით“,- აღნიშნა მედოევმა სააგენტო „რესთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, „სააკაშვილის საქართველოდან ექსტრადირების შემთხვევაში“, მას ელოდება სამართლიანი სასამართლო პროცესი და შესაბამისი გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის, უკრაინაში გადაყვანა სურს, თუმცა მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩაერევა. ამაში დარწმუნებული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც. მან გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ერთმა ადამიანმა, მიხეილ სააკაშვილმა, მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ჩრდილი მიადგეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობის განგრძობადობას.
საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება, რასაც სახელისუფლებო გუნდიდან ეთანხმებიან და დასძენენ, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში.
საქართველო-უკრაინის პარტნიორობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაში დარწმუნებულია სახელისუფლებო გუნდიც. მათი მტკიცებით, ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს. დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის დარღვევა იყო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე, ამ შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე, ერეოდა სხვა ქვეყნის, საქართველოს, არჩევნებში.
"ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს, რომელიც როგორც ჭირში, ასევე ლხინში ყოველთვის იყო გამორჩეული გვერდში დგომით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, აქ არის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ვამბობდით, რომ კონსტიტუციის დარღვევა იყო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე ერეოდა სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე საქართველოს არჩევნებში, ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამაზე წუხილები მათი მხრიდანაც იყო გამოთქმული,“- განაცხადა დღეს დილით კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. მან ციხიდან დღეს წერილიც გაავრცელა. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.
წყარო: რადიო თავისუფლება