გახარიას გადაწყვეტილებამ მეორე ტურის ალბათობა გაზარდა - ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია მეორე ტური და ის, რომ გახარია ჩაერთო ამ არჩევნებში, გარკვეულწილად, მათაც დაეხმარება, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატად იყრის კენჭს.
თუმცა, როგორც რაქვიაშვილი აღნიშნავს, ოპოზიციის და გახარიას ინტერესების კონკრეტულ საკითხში დამთხვევის გამო, ვერ გააკეთებს დასკვნას, რომ ისინი ზოგადად, შეთანხმებულად თამაშობენ.
„შეხვედრა თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს, პოლიტიკოსები ხვდებიან ერთმანეთს, მათ შორის, დაპირისპირებული მხარეები, ამაში არაფერი არანორმალური არ არის, თუ რაღაც სპეციფიკური იქ არ ხდებოდა, რაც ჩვენ არ ვიცით. რაც შეეხება შანსებს, მე მგონია, გახარიას გადაწყვეტილებამ მეორე ტურის ალბათობა გაზარდა და ბევრად უფრო საინტერესო გახდება მერის არჩევნები თბილისში. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია მეორე ტური რომ შედგეს და ის, რომ გახარია ჩაერთო ამ არჩევნებში, გარკვეულწილად, მათაც დაეხმარება. ჩვენ სულ ვამბობდით, რაც უფრო მეტი კანდიდატი იქნება არჩევნებში, უკეთესი იქნება ოპოზიციისთვის, რადგან ერთადერთი შანსი ოპოზიციისთვის მოიგოს არჩევნები, ეს არის მეორე ტურის გამართვა. ასე რომ, ამ ნაწილში დამთხვევაა ინტერესების, მაგრამ იმიტომ რომ ერთ ნაწილში ემთხვევა ინტერესები ოპოზიციის და გახარიასი, ვერ გავაკეთებ დასკვნას, რომ ზოგადად, შეთანხმებულად თამაშობენ,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.
ipn.ge