საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერთავდასხმას გმობს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. უწყებამ განცხადება “ტვიტერზე” გაავრცელა.
"საქართველო მკაცრად გმობს კიბერშეტევას უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ. მსგავსი ქმედებები ყოვლად მიუღებელია და ქმნის საფუძველს სიტუაციის შემდგომი ესკალაციისთვის. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
14 იანვარს, უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა და გამოჩნდა მუქარა უკრაინელების მიმართ, რომ „ეშინოდეთ და ყველაზე ცუდს ელოდნენ.“
მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის ობიექტებს შორის იყო: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდები. მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე გამოჩნდა. ვებგვერდების შავ ფონებზე გამოქვეყნდა უკრაინის დროშის, გერბის და რუკის გადახაზული სურათები.