13-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების აუცილებლობაზე ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეპანჩუკი ავრცელებს.
საქართველოს გარდა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ლიეტუვა, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, ირლანდიამ და შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. კიევი მეოთხე კვირაა NATO-სგან ცის ჩაკეტვას ითხოვს, რასაც ალიანსი რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის თავიდან არიდების მოტივით არ თანხმდება. უკრაინამ ვერც დაპირებული МиГ-29-ები მიიღო, თუმცა უხვად მარაგდება სტინგერებითა და ბაირაქტარებით. ლაპარაკია ასევე S300-ებისა და S400-ების კომპლექსების გადაცემაზეც.
მიუხედავად იმისა, რომ ავიაპარკით რუსეთი უკრაინაზე ბევრად ძლიერია, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელმა მფრინავებმა და მეზენიტეებმა 97 რუსული თვითმფრინავისა და 121 ვერტმფრენის ჩამოგდება შეძლეს.