საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო და ევროკომისიას 10 მაისს გადასცემს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„დავასრულეთ კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას საქართველომ გადასცეს კითხვარის ბოლო ნაწილი.
როგორც თქვენთვის ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკური და სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიწია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა სახელმწიფო უწყებას, საქვეუწყებო დაწესებულებებს, ვინც იღებდა ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობას, მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა.