„შემიძლია გითხრათ, რომ აქ ჩვენ გვქონდა შეცდომების კასკადი და ამ შეცდომებმა იქამდე მიგვიყვანა, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული სწორი და კარგი საქმეები გადაფარა“ - ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარმა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს დელეგაციის უკრაინაში გამგზავრებაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ უკრაინისთვის ბევრი რამ გააკეთა, თუმცა უპასუხისმგებლო განცხადებებით ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა.
„დღეს არჩევანი უკრაინასთან მიმართებაში ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ეს ომი არ არის მხოლოდ უკრაინაში, ეს არის ომი გადარჩენისთვის, ცივილიზაციისთვის და ნორმალური ცხოვრებისთვის, ამიტომ ცივილიზებული სამყარო დღეს უკრაინას უდგას გვერდში, ამიტომ იმ განცხადების დროს რასაც ახლა ვაკეთებთ ჩვენ ყოველთვის დიდი სურათი უნდა გავითვალისწინოთ, რაღაც პერიოდში დამთავრდება ომი და გამარჯვებული გამოვა უკრაინა და შეფასების კრიტერიუმი იქნება არა ის თუ მოწვევაში ვის რა მოეწონა, არამედ ის თუ ვინ ჩადიოდა მათთან კრიტიკულ მომენტში, რით ეხმარებოდა, ვინ რა კონტრიბუცია გაიღო იმისთვის, რომ გაემარჯვა სიმართლეს და არ გაემარჯვა ბოროტების იმპერიას, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ ტიპის განცხადებების დროს და მეორე ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი შეცდომების აღიარება.
საქართველოს რა საფრთხეებიც ემუქრება ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და სწორი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, მათ შორის უკრაინის გამოცდილებაც უნდა გავითვალისწინოთ, როგორ მუშაობდა ეს ყველაფერი უკრაინის წინააღმდეგ და როდესაც ისეთივე რაღაცას ვხედავთ დღეს საქართველოში, ანალოგიურ მცდელობებს ხშირ შემთხვევაში ანალოგიურ დამფინანსებლებს, იგივე კომპანიებს და იგივე სახეებს, მათი ქმედებები უნდა იყოს აღკვეთილი, თორემ სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
თაკო კვაჭანტირაძე