გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის დირექტორ ირაკლი გულედანთან ერთად, სამუშაო ვიზიტით, ტრაპიზონში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნენ ტრაპიზონში აკვაკულტურის განვითარების მიმართულებებს, დაათვალიერეს მეთევზეობის ცენტრალური ინსტიტუტისა და სურსათის კონტროლის ლაბორატორიები.
„ტრაპიზონში ქართული დელეგაციის ვიზიტის მიზანია გავეცნოთ, თუ როგორ ვითარდება მეთევზეობა და როგორ მიმდინარეობს თევზის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. შეხვედრების ფარგლებში, მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია და ტრაპიზონის ინსტიტუტებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კი, საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტად განავითაროს მეთევზეობის მიმართულება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
გამართულ შეხვედრებზე, საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხს ტრაპიზონის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგიონულ ლაბორატორიასა და წყლის პროდუქტების კვლევით ინსტიტუტთან.