15 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ანდრეს რუნდუსთან. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
„შეხვედრაზე განხილული იქნა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხორციელების საკითხები. არჩილ ყარაულაშვილმა მადლიერება გამოხატა ესტონეთის მიერ, განვითარების კუთხით, საქართველოსადმი წლების მანძილზე გაწეული მხარდაჭერისთვის, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ გადმოცემული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები“ – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.