საქართველოს მოქალაქეებისათვის პარაგვაიში მოხვედრა გამარტივდა. ამიერიდან საქართველოს ორდინალური პასპორტების მფლობელებს პარაგვაიში მოხვედრა ვიზის გარეშე შეეძლებათ. საკანონმდებლო მაცნეში საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ აღნიშნული უკვე ძალაშია 3 თებერვლიდან.
თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, შეუძლიათ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დარჩნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის თარიღიდან არაუმუტეს 90 დღისა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.
თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომელთაც განზრახული აქვთ დარჩენა მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე 90 დღეზე მეტი ვადით, წინასწარ უნდა მიიღონ შესაბამისი ვიზა.
წინამდებარე შეთანხმებაში აღნიშნულ მოქალაქეებს, შეუძლიათ შევიდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტრანზიტით გაიარონ ან დატოვონ ეს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო პუნქტის გავლით.
მხარეებს შორის არსებული შეთანხმება არ ზღუდავს თითოეული მხარის უფლებას, უარი განუცხადოს მის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე ან შეუმციროს ყოფნის ვადა, მეორე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს და რომლებსაც ისინი არასასურველად მიიჩნევენ.