საქართველოს საგარეო უწყება რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

access_time2021-08-07 12:18:56

საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა.

„2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ.


13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ სწორედ საქართველოში განახორციელა სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შელახვის აგრესიული პოლიტიკის აპრობირება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და ძირი გამოუთხარა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია საქართველოში საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გზით და კიბერთავდასხმებით ისევე, როგორც ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე უკანონო ოკუპაცია, მათი დე ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯები და საოკუპაციო ხაზზე გააქტიურებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი უხეშად ლახავს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.


13 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერდიქტი გამოუტანა საქართველოში რუსეთის ძალისმიერ შემოჭრას და დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, ეკისრება პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა და მუხლების დარღვევაში. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ისეთ მძიმე დანაშაულებსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვაში, როგორიცაა: მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო პირების მკვლელობა და სიცოცხლის უფლების ხელყოფა; მათი წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა; ეთნიკური წმენდა და ქართული სოფლების გადაწვა, გაძარცვა და განადგურება; ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა; მიმოსვლის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისა და საკუთრების უფლების დარღვევა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული უგულვებელყოფით და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით აგრძელებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე“,-აღნიშნავენ უწყებაში.


ამასთან, როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება და დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების განლაგება.



„რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და მიზანმიმართულად უშლის ხელს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად ძალისმიერი გზით გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოვილების დაბრუნებას საკუთარ სახლებში. მსგავსი აგრესიული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და მუქარას ძალის გამოყენებით და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების აქტიური გამოყენებით ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას.


ამ ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, ინტენსიური სახე აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას, აკრძალულია მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღება და გალისა და ახალგორის მაცხოვრებლებს უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული გახდა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში. ამასთან, ძლიერდება დაუსჯელობის სინდრომი ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით, რაც წახალისებულია საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების - დ.ბაშარულის, გ.ოთხოზორიასა და ა.ტატუნაშვილის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების შეფერხებით.


არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ტრანსფორმაციის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია, ერთი მხრივ, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და დევნილების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებისაკენ; ხოლო, მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საქართველოს მოსახლეობის შერიგებისა და მათ შორის ნდობის აღდგენისაკენ. საქართველო სრულად ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მან ცალმხრივად არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულების ერთგულება, რუსეთის მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში. პარალელურად, საქართველოს მთავრობა დგამს აქტიურ ნაბიჯებს ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ჩართულობისა და ურთიერთობების გასაღრმავებლად და აგრძელებს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას. საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაარსა სამთავრობო კომისია „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, რათა ინკლუზიური, საერთო ეროვნული პროცესის წარმართვის გზით განახორციელოს უფრო ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული და ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკა. ჩვენ მზად ვართ, ფართო დიალოგისთვის, რომ აფხაზ და ოს საზოგადოებებთან ერთად განვსაზღვროთ ჩვენი საერთო მომავალი და უზრუნველვყოთ მშვიდობიანი, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანაცხოვრება თანამედროვე, ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც მიმზიდველი იქნება აფხაზი და ოსი საზოგადოებებისთვის და სადაც თანაბრად იქნება დაცული მათი უფლებები და თავისუფლებები.


ამ პროცესში საქართველო დიდად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობაში. 


საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ძალისხმევა განახორციელოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესში, ხელი შეუწყოს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთოხების უზრუნველყოფას და სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის განგრძობით აგრესიულ პოლიტიკას ფართო შავი ზღვის რეგიონში.


საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს“,- აღშნავენ უწყებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up