შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს მისი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.
"მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობის დევნილობაში ყოფნის პირობებში, ის ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს", – აცხადებს უწყება.
დე ფაქტო არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყების განცხადებით, ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებაა.
დღეს, 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში მარიონეტული რეჟიმი ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ატარებს. საარჩევნო უბნები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიხურება.