15-16 დეკემბერს, თბილისში პირველად იმართება ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების (ალბანეთის, მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის) საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის დიპლომატებს შორის.
საქართველოს მხრიდან ერთობლივ კონსულტაციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი მასპინძლობს. შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ გახსნა. კონსულტაციების მთავარი მიზანია ევროინტეგრაციის პროცესში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების ფორმატების შექმნა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან სამუშაო დონეზე. აღნიშნული ფორმატები მოიაზრება როგორც საგარეო საქმეთა, ისე სხვადასხვა სექტორულ სამინისტროს შორის.
კონსულტაციების ფარგლებში, დასავლეთ ბალკანეთის დელეგაციის წარმომადგენლები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, მართავენ შეხვედრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის, თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, იუსტიციის სამინისტროების, აგრეთვე, პარლამენტისა და ეროვნული ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ საქართველოში განხორციელებული რეფორმების ცალკეულ მიმართულებებს, როგორებიცაა მოქალქეებისთვის სერვისების უზრუნველყოფა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ცენტრის ფუნქციონირება და ა.შ. გარდა ამისა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება შეხვედრა საქართველოს სამოქალაქო სექტორის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობენ.
კონსულტაციების ფარგლებში განიხილება სხვადასხვა კონკრეტული საკითხი, მათ შორის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების მაღალი დონის ერთობლივი ვიზიტების მომზადება 2023 წლისთვის.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების ფორმატების ჩამოყალიბება წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მოჰყვა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭებას და, აღნიშნული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, საქართველოს გადანაცვლებას გაფართოების რეგულარულ პაკეტში.