საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრის კვეთა პირადობის მოწმობითაც გახდება შესაძლებელი. მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება, შესაძლოა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტისას გაფორმდეს. სომხური მხარე იტყობინება, რომ ამისათვის მზაობა არის.
სომხური მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერა შესაძლებელია ქართული დელეგაციის დღევანდელი ვიზიტისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამაც გაავრცელა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო- სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა. დაგეგმილია ასევე ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.