2022 წლიდან საქართველო ინტერნეტს ახალი წყალქვეშა ინტერნეტ-კაბელიდან მიიღებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 35 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და მას „კავკასუს ონლაინის“ ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძე უცხოელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
როგორც სანადირაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა, კომპანიიდან წასვლის შემდგომ, ახალ მესეკუთრეებს კაბელი არ შეუცვლიათ, რამაც აბონენტებისთვის ინტერნეტის შეფერხებით მიწოდება გამოიწვია. სანადირაძის ახალი პროექტის იდეაც ხარისხიან ინტერნეტზე მაღალი მოთხოვნის გამო გაჩნდა.
„ახალ კაბელზე მუშაობა დაწყებულია. ზღვის ფსკერზე საპროექტო მოძიებითი სამუშაოები მიმდინარეობს და ამას ამერიკული კომპანია Subcom-ი უზრუნველყოფს. კაბელი რუმინეთის პორტ „კონსტანცადან“ წამოვა და ფოთის ჩრდილოეთით დაბოლოვდება,
პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 35 მლნ. აშშ. დოლარია, რომლის დიდ ნაწილს ამერიკის ექპორტ-იმპორტის ბანკი და ჩემი ვაშინგტონელი პარტნიორი ფარავს.“ - განმარტავს მამია სანადირაძე.
Diamond link global-ის გენერალური დირექტორის მამია სანადირაძის განცხადებით, ახალი კაბელის დამატებით საქართველოს უფრო სწრაფი და იაფი ინტერნეტი ექნება, რაც ასევე დიდი სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მომსახურებაზეც აისახება.
„ამ პროექტის მეშვეობით ინტერნეტი უფრო გაიაფდება, რადგან ჩვენ მსხვილ ინტერნეტ პროვაიდერებზე ვიქნებით ორიენტირებული. ეს გააუმჯობესებს დიდი სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მომსახურეობას და უფრო სწრაფი ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი.
საქართველოს ინტერნეტ ბაზარი დიდი არ არის. ჩვენი ახალი კაბელი დაახლოებით 120 ტერაბაიტ საწყის ინფორმაციას გაატარებს. იგი არა მხოლოდ ქართულ, არამედ ახლო აღმოსავლეთის, შუა აზიისა და ჩინეთის ნაკადებზეა ორიენტირებული.“ -ამბობს მამია სანადირაძე.
Subcom-ი თანამედროვე ქსელების წყალქვეშა გაყვანილობის ერთ-ერთი ლიდერი ამერიკული კომპანიაა, რომლის პროექტებს შორისაა ომანი-ავსტრალიისა და მანატუას საკაბელო სისტემები.
კომპანია 1955 წლიდან ფუნქციონირებს და მსოფლიოს მასშტაბით დღემდე 200-ზე მეტი წყალქვეშა საკაბელო სისტემა აქვთ გაყვანილი.
ანი ცარციძე