პარტია „ლელოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე მთავრობას რუსეთის მოქალაქეებისთვის 30 დღიანი სავიზო რეგულაციის შემოღებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პუტინის ომზე მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას.
„ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო!!
საქართველოს რუსეთთან 365 დღიანი უვიზო რეჟიმი აქვს!
სასწრაფოდ შემოიღეთ 30 დღიანი სავიზო რეგულაცია, პუტინის ომზე მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას!
საქართველოს ეროვნული ინტერესები და ქვეყნის საზღვრები დღეს, როგორც არასდროს, ისე უნდა იყოს დაცული!“, წერს სოციალურ ქსელში ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განმარტებით, ამ დრომდე გამარტივებული სავიზო რეჟიმი ნაწილობრივ იყო შეჩერებული, მხოლოდ სპეციფიკური პირებისთვის, მათ შორის ოფიციალური პირებისთვის, მეწარმეებისთვის.
„ივლისის დასაწყისიდან ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მხრიდან მეზობელ ქვეყნებში გადამსვლელთა რაოდენობის არსებითი ზრდა. ეს გახდა უსაფრთხოების რისკი ამ ქვეყნებისთვის. დამატებით ჩვენ ვნახეთ ბევრი რუსი, რომელიც მოგზაურობს დასასვენებლად და შოპინგისთვის, ისე, თითქოს ომი არ მიმდინარეობდეს უკრაინაში. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ახლა ყველაფერი ისე არაა, როგორც იყო და არც შეიძლება, ასე იყოს. ჩვენ უკვე დავაწესეთ სპეციფიკური აკრძალვები იმ პირთათვის, ვინც მხარს უჭერს პუტინის რეჟიმს, თუმცა ჩავთვალეთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო. ამიტომ ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, ეს ჯერ არაა ლეგალური ტექსტი, მაგრამ არის პოლიტიკური თანხმობა, რომ რუსეთისა და ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება სრულად შეჩერდება, ამ დრომდე ის მხოლოდ ნაწილობრივ იყო შეჩერებული, მხოლოდ სპეციფიკური პირებისთვის, მათ შორის ოფიციალური პირებისთვის, მეწარმეებისთვის. ახლა ის სრულად შეჩერდება. ეს ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი ვიზების გაცემას. ეს პროცესი უფრო რთული და ხანგრძლივი გახდება. შესაბამისად, ვიზების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. და ეს არის ჩვენი საერთო მიდგომა, რომელიც მოახდენს პოტენციური ვიზებით ვაჭრობის პრევენციას რუსების მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ჩავიდოდნენ ვიზების მისაღებად უკეთესი პირობების საძებნელად“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.