მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, სახელმწიფო 59 მუნიციპალიტეტში წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკით მოქალაქისათვის უსასყიდლოდ აზომავს და დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. პროექტის დაწყებიდან დღემდე საველე სამუშაოს ფარგლებში აიზომა 187 720 მიწის ნაკვეთი (57 151.26 ჰა); სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დარეგისტრირდა 95 617 ნაკვეთი (39 420.6 ჰა); სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში დარეგისტრირდა 15 833 ნაკვეთი (4 902 ჰა). ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და მის მოადგილეების სამუშაო თათბირზე ითქვა.
იუსტიციის სამინსიტროს ინფორმაციით, სისტემური რეგისტრაცია დასრულდება 2024 წლის ბოლოს და პროექტის შედეგად დარეგისტრირდება არა მხოლოდ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, არამედ გასწორდება წლების წინ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გადაფარვა/ზედდებები, გაირკვევა მესაკუთრეთა ვინაობა, დადგინდება ნაკვეთების საზღვრები, მოხდება დავების შემცირება/პრევენცია, რეგისტრირებული უძრავი ქონება მოექცევა ეკონომიკურ ბრუნვაში.
სისტემური დამისამართება დასრულდება 2024 წელს და პროექტის ფარგლებში დამისამართდება ქვეყნის მასშტაბით 78% დაუმისამართებელი დასახლებები, კერძოდ: ქუჩების ფორმირება, ყველა უძრავი ნივთისათვის ნუმერაციის მინიჭება და მისამართების ასახვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. მისამართების ერთიანი ელექტრონული ბაზა მიეწოდება შესაბამის ორგანიზაციებს (პოლიცია, სასწრაფო, ფოსტა და სხვ.). გარდა ამისა, დაზუსტდება მუნიციპალიტეტებისა და დასახლებების საზღვრები.