საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გმობს ე.წ. აგენტების რუსულ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აფერხებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებს.
„კანონპროექტების მიღება არყევს დემოკრატიის საფუძვლებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ზღუდავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებრივ პროცესებში.
ამასთან ეს საკანონმდებლო ინიციატივა აჩენს ღრმა უფსკრულს საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომელთა წვლილი გადამწყვეტია ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის მშენებლობაში.
მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ანტიკონსტიტუციური, საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო კანონპროექტების მიღება, რათა საფრთხე არ დაემუქროს ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას“- ნათქვამია განცხადებაში.