ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.
„პოლიტიკური შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად. მოხარული ვარ, რომ შეთანხმება საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, ოპოზიციის ორი დაპატიმრებული წარმომადგენლის საკითხის გადაწყვეტასა და პარლამენტში ოპოზიციის შესვლას შეიცავს. ორივე მხარემ ლიდერობა და გამბედაობა გამოავლინა ქვეყნისა და ყველა ქართველის სასარგებლოდ კომპრომისის მიღწევის ძალისხმევაში. ამ შეთანხმებამ საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე შეიძლება დააბრუნოს“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში.
ჯიმ რიში ასევე აცხადებს, რომ შეთანხმების მდგრადობის ნამდვილი გამოცდა მისი განხორციელება იქნება.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას პასუხისმგებლობა ეკისრებათ, შეთანხმება დაიცვან და პოლიტიკური ნდობა აღადგინონ. საქართველომ უნდა გადაუხვიოს პოლიტიკური დევნის გზას და ძლიერი და წარმატებული საქართველოს მშენებლობის გზით წავიდეს. ამ შეთანხმებას ქვეყანა ამ მიმართულებით მიჰყავს, მაგრამ შეერთებული შტატები, მათ შორის აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობრები, ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენებს“, - აღნიშნა სენატორმა.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.
imedinews.ge