კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლა არის კარგი მანიშნებელი იმისა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი აქ არ იყო უბრალოდ ვიზიტი და უბრალოდ ჩამოსეირნება, ის ილუზია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, შეექმნა, რომ ევროკავშირი რაღაცნაირად დაინტერესდება და მერე დაავიწყდება, მგონი გაიფანტა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
„ეს მაღალი დონის ჩართულობა ზრდის იმის შანსს, რომ შეთანხმება შეიძლება შედგეს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის და ეს კრიზისი იყოს განმუხტული. ოღონდ, რა თქმა უნდა, კარგად უნდა გვესმოდეს – „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ამ კრიზისის განმუხტვა. თუ მათ არ უნდათ ამ კრიზისის განმუხტვა, ისინი შეეცდებიან, რომ ამ ვიზიტის ფარგლებშიც მორიგი რაღაც პროპაგანდისტული მესიჯბოქსი დაალაგონ და დააბრალონ ყველაფერი ყველას, გარდა თავისი თავისა. მაგრამ ეს არ იმუშავებს. მგონია, ეს არის მათი ბოლო შანსი, ერთხელ და სამუდამოდ აჩვენონ ყველას, რომ ევროინტეგრაცია მარტო სიტყვები კი არ არის მათთვის, არამედ არის საქმე“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება. კრისტიან დანიელსონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პირადი წარმომადგენლის მანდატი უმაღლეს ევროკომისარ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით მიანიჭა.
1tv.ge