ევროკავშირის და ნატოს წევრი ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივების მიმართ.
„ჩვენ, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ე.წ უცხოური აგენტების კანონის პირველი მოსმენით მიღებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცენ ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ედგარს რინკევიჩსის, ურმას რეინსალუს და გაბრიელიუს ლანდსბერგისის ერთობლივი განცხადება დღეს, 8 მარტს გამოქვეყნდა.