პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დღეს საპარლამენტო საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„ალბათ, ასე შეიძლება, გავყოთ საპარლამენტო საქმიანობა შინაარსის კუთხით – ერთი გახლდათ ევროინტეგრაციის მიმართულება და ამ საკითხებზე მუშაობა. 270-მდე კანონი იყო ჯამში მიღებული და აქედან 82 კანონი ეხებოდა სწორედ იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოს დაუსახა. ამიტომ, ეს დიდი ნაწილი იყო 12 რეკომენდაცია. ამავე დროს, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე კანონპროექტები, რომლის დროულმა მიღებამ, სხვათა შორის, ის დამატებითი დადებითი შეფასება მოგვცა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ევროკომისიის მხრიდან, ვგულისხმობ კითხვარის შეფასებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტის საქმიანობის მეორე მიმართულება იყო უმრავლესობის მხრიდან საარჩევნო პროგრამის განხორციელება მთავრობასთან ერთად და ამისთვის საჭირო კანონმდებლობის მიღება, რათა ერთი მხრივ, გაიზარდოს მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობა და მეორე მხრივ – ინსტიტუციური მოწყობა, უსაფრთხოება და სხვა საკითხები, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო.