ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მართლმსაჯულების რეფორმა მთავარი ნაწილია 19 აპრილის შეთანხმების და ეს საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობაა. მაკროფინანსური დახმარება 60 მლნ ევროს მოცულობის ტრანშის გამოყოფას ითვალისწინებს.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა კონსულტაციების შედეგებს სრულად არ ასახავს.
„მართლმსაჯულების რეფორმა მთავარი ნაწილია 19 აპრილის შეთანხმების და ეს არის წინაპირობა საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების. სწრაფი დანიშვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების იმ კონსულტაციების შედეგებს სრულად არ ასახავს. ეს ნამდვილად დაკარგული შესაძლებლობაა.
მთავარია ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ის თავისუფლება, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. კონსტიტუციური უფლება - პრესის და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. მე ვარ კმაყოფილი, რომ ყველა ხელმომწერი შეთანხმებისა თავის ვალდებულებას ასრულებს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
შარლ მიშელის ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება 19 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტს ამ დრომდე არ აწერენ ხელს ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო.