ათასზე მეტი მეცნიერი და ტექნოლოგი, მათ შორის ილონ მასკი, სტივ ვოზნიაკი და Stability AI-ის აღმასრულებელი დირექტორი ემოდ მასტაკიც კი, ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეჩერებას ითხოვენ და კაცობრიობის მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებენ. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებული ღია წერილიდან გახდა ცნობილი.
წერილის ავტორები მოუწოდებენ ხელოვნური ინტელექტის ყველა ლაბორატორიას, რომ მინიმუმ 6 თვით დაუყოვნებლივ შეაჩერონ GPT-4-ზე უფრო მძლავრ AI სისტემებზე მუშაობა.
„ეს არ ნიშნავს ზოგადად ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეჩერებას, არამედ უბრალოდ უკან დახევას საშიში რბოლიდან პანდორას ყუთამდე, რომელიც არაპროგნოზირებად შედეგებს გამოავლენს “, - ნათქვამია ღია წერილში.
არც ისე დიდი ხნის წინ, მასკმა დაიქირავა გუნდი ChatGPT კონკურენტის შესაქმნელად, მანამდე კი OpenAI-ის თანადამფუძნებელიც კი იყო, მაგრამ სტარტაპი 2018 წელს დატოვა და მას „საშინლად კარგი“ უწოდა.
რამ უბიძგა მსოფლიოს წამყვან ინჟინერს, შეშფოთებულიყო ზედმეტად განვითარებულ ხელოვნურ ინტელექტით (AI) და ხელი მოეწერა ღია წერილზე?
„ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ „ხელოვნური ინტელექტის ზაფხულით“, გამოვიყენოთ, მაგრამ მაინც მივცეთ მომხმარებელს ადაპტაციის შესაძლებლობა. სხვა პოტენციურად სახიფათო ტექნოლოგიები საზოგადოებამ შეაჩერა. იგივე გვჭირდება ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში - ისიამოვნეთ ხელოვნური ინტელექტის გრძელი „ზაფხულით“ და არ შევხვდეთ მოუმზადებელი მის „შემოდგომას“, - ნათქვამია ღია წერილში.
წერილში, მოყვანილია Future of Life-ის კვლევა, სადაც კაცობრიობისთვის სერიოზულ საფრთხეზეა საუბარი. იგი დეტალურად აღწერს საზოგადოებისა და ცივილიზაციის პოტენციურ რისკებს კონკურენტუნარიანი ხელოვნური ინტელექტის სისტემებისგან ეკონომიკური და პოლიტიკური რყევების სახით. ის ასევე მოუწოდებს დეველოპერებს იმუშაონ ხელოვნური ინტელექტის მართვისა და რეგულირებისთვის. თუმცა, ახლა, სამწუხაროდ, ამას ვერაფერი დაარეგულირებს, ნათქვამია წერილში. დღეს, ლაბორატორიები დაკავებული არიან სულ უფრო მძლავრი ციფრული სისტემების განვითარებით, რომელსაც ვერავინ, მათი შემქმნელებიც კი ვერ აკონტროლებენ.
OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი აღიარებს, რომ მას ცოტა ეშინია, რომ ხელოვნური ინტელექტი უარყოფითად იმოქმედებს საზოგადოებაზე:
„მძლავრი ხელოვნური ინტელექტის სისტემები უნდა განვითარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ დარწმუნებული ვიქნებით, რომ მათი ეფექტი დადებითი იქნება და რისკები მართვადი“.
შეგახსენებთ, რომ Goldman Sachs-ის კვლევის თანახმად, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეცვალოს 300 მილიონი სამუშაო ადგილი აშშ-სა და ევროკავშირში.
მოსალოდნელია, რომ ყველაზე მეტად ადმინისტრაციული და იურიდიული სექტორი დაზარალდება, AI შეცვლის ადმინისტრაციული სამუშაოების 46%-ს და იურიდიული სამუშაოების 44%-ს. ისეთი სფეროები, როგორიცაა მშენებლობა და მოვლა ჩანაცვლებას მხოლოდ 4-6%-ით ექვემდებარება და დღეისათვის სამუშაო ძალის მხოლოდ 5% შეიძლება მთლიანად ჩანაცვლდეს AI-ით.