სოჭის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. tass.ru-ს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ განცხადება სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა გააკეთა.
„ვიმედოვნებთ, რომ [სამგზავრო გადაყვანა] აფხაზეთსა და საქართველოში [გადაყვანა] შესაძლებელი გახდება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. განზრახულია ამ გაზაფხულზე [ტრანსპორტირების] დაწყება“, - განაცხადა ვლადიმეროვმა. წინასწარი ინფორმაციით მგზავრების ტრანსპორტირება სოჭსა და ბათუმს შორის განხორციელდება.
„ძალიან დიდი მოთხოვნაა საზღვაო სამგზავრო გადაზიდვის ახალი მარშრუტების გახსნაზე. ვეცდებით, ჩვენი ტურისტების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და შეძლებისდაგვარად განვითარდეთ ამ მიმართულებით“, - დასძინა ვლადიმიროვმა.