პიარტექნოლოგი და ჯეპრას დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ბაიდენის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დაწესებული სანქციები აუცილებლად იმუშავებს.
"ახლა კედელს ვათვალიერებდი და ჩემი მეგობრების გამოქვეყნებულ პოსტებში ბევრი იმედგაცრუება დავინახე და წავიკითხე ბაიდენის გამოსვლასთან დაკავშირებით.
ჩემი თხოვნაა, ნუ იჩქარებენ დასკვნების გაკეთებისთვის. უფრო გამოწვლილვით ჩაუღრმავდნენ გამოსვლის შინაარსს და საბოლოო შედეგსაც, რაც უცილობლად დადგება აშშ-ს ლიდერშიფის სტრატეგიის მიხედვით.
მე ბაიდენის განცხადებას ვუყურებ, როგორც პუტინის საბოლოო განაჩენს, პუტინის აღსასრულის კარგად გააზრებულ გეგმას და სისტემას, რომელიც უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია ვიდრე მიზნების ვერბალიზაცია.
შეგახსენებთ, რომ მხოლოდ აშშ-ს ხელმძღვანელობა გვეუბნებოდა სიმართლეს და სწორ ინფორმაციას პუტინის გეგმებთან დაკავშირებით, მხოლოდ ბაიდენი ახმოვანებდა იმ რეალობას, რომლის მეც კი არ მჯეროდა!
ამიტომ, ნუ ვიჩქარებთ! ნუ შევამკობთ სულსწრაფობის გამო, უხეირო ეპითეტებით ამერიკის ღირსეულ პრეზიდენტს და მეტაფორებით.
მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და უდიდესი მეგობრის ამერიკის შეერთებული შტატების."