საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს მიერ საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყება აღნიშნავს, დღევანდელი განჩინებით სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)" (ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე) სრულად დასაშვებად გამოაცხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან დღემდე განგრძობითად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი მე-4 სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი რუსეთის ოფიციალური შემწყნარებლობის ადმინისტრაციულ პრაქტიკას.
„მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული საქმეები წარმოადგენს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის საილუსტრაციო შემთხვევებს და განხილული იქნება ზემოხსენებული ადმინისტრაციული პრაქტიკის ფარგლებში. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ევროპული სასამართლო კონკრეტულად ამ საქმეების ფაქტობრივ გარემოებებზე იმსჯელებს ინდივიდუალური საჩივრების ჭრილში, სადაც საქართველოს მთავრობა ერთვება მესამე მხარედ და წარადგენს სამართლებრივ პოზიციას მომჩივანთა მხარდასაჭერად.
დასაშვებობის დადგენის შედეგად ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე ახლა გადაინაცვლებს არსებითი განხილვის ეტაპზე, სადაც სასამართლო შეისწავლის საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გასაჩივრებულ ადამიანის უფლებათა მასობრივ და კონკრეტულ დარღვევებს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.