საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია განმარტავს, რომ თაფლიანი წყლის მიღება შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მშრალ შიმშილობაზე არ იყო.
„ძალიან კარგად ვიცით, რომ მიშა სააკაშვილი შიმშილობს. ეს შიმშილობა არ ყოფილა მშრალი შიმშილობა. რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამ საკითხზე მიშასთან კომუნიკაცია არ მქონია. ჩვენ ის მოვინახულეთ პარასკევს და განცხადება გავრცელდა გვიან ღამით. მექნება კომუნიკაცია მიშასთან და დავაზუსტებ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციაც სრულად მოდის შესაბამისობაში იმ საკითხთან, რომ მიშა შიმშილობს, რადგან არსებობს შიმშილობის რამდენიმე ტიპი - მათ შორის მშრალი შიმშილობა და სითხეებს მიღებით შიმშილობა. თუ თაფლის გახსნა ხდება სითხეში, ესეც შიმშილობის ერთ-ერთი სახეა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში შიმშილობა უფრო გრძელვადიანია, ვიდრე მშრალი შიმშილობისას ან მხოლოდ წყალზე შიმშილობისას. თუმცა, ეს საკითხები მე მასთან უნდა დავაზუსტო, მხოლოდ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საზოგადოება შეცდომაში რომ არ შევიყვანო. არ ვიცი, რას ემსახურებოდა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ამ საკითხებს დავაზუსტებ მიშასთან. როგორც იცით, ჩვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გუშინ ექიმისგანაც მოვისმინეთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია. ჩვენთვისაც არის ხილვადი, რომ ამ ადამიანმა შიმშილობის ფონზე ბევრი კილოგრამი დაკარგა. დამატებით გარემოებებზე, ვიდრე მას არ შევხვდები, განცხადების გაკეთება გამიჭირდება“, - განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-9 დღეა შიმშილობს. პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჩივილები. მათივე ცნობით, სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების, მათ შორის თაფლის და ასევე ნატურალური წვენის მიღება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. მან ციხიდან დღეს წერილიც გაავრცელა. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის, უკრაინაში ექსტრადაცია სურს. ზელენსკის მიერ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის სურვილი გასულ კვირას მისი ადმინისტრაციის წევრმა გააჟღერა. მოგვიანებით კი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩაერევა. ამაში დარწმუნებული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც. მან გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ერთმა ადამიანმა, მიხეილ სააკაშვილმა, მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ჩრდილი მიადგეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობის განგრძობადობას.
საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება, რასაც სახელისუფლებო გუნდიდან ეთანხმებიან და დასძენენ, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში.
საქართველო-უკრაინის პარტნიორობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაში დარწმუნებულია სახელისუფლებო გუნდიც. მათი მტკიცებით, ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს. გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის დარღვევა იყო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე, ამ შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე, ერეოდა სხვა ქვეყნის, საქართველოს, არჩევნებში.
წყარო: ინტერპრესნიუსი