რუსეთი და საქართველო განიხილავენ ლაბორატორიის შექმნას, რომელიც ღვინოების სერტიფიცირებას რუსული სტანდარტების მიხედვით მოახდენს. ТАСС-ის ინფორმაციით ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა ეკონომიკურ ფორუმზე „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“ გამოსვლისას განაცხადა.
„ბიზნესსაბჭოში უკვე მუშავდება მომავალი წლის სამოქმედო გეგმა, უპირველეს ყოვლისა, იქმნება ექსპერტთა ჯგუფი ქართული ღვინის ქარხნების სერტიფიცირებისთვის და საქართველოში რუსული სტანდარტების მიხედვით ღვინოების სერტიფიცირების სპეციალიზებული ლაბორატორიის შესაქმნელად, რაც შესაძლებელს გახდის კადრების მომზადებას და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქართული ღვინოების მეორადი სერტიფიცირების აღმოფხვრას“, - განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ.
ვოლვაჩის თქმით, კიდევ ერთი ინიციატივა მდგომარეობს იმაში, რომ იმ პროდუქტების ნუსხიდან, რომელთა იმპორტიც საქართველოდან რუსეთში აკრძალულია, ამოღებული იქნეს კონიაკის სპირტი.