„ქართული ოცნება" თავს რუსეთის აგენტად აცხადებს - თითოეული დეპუტატი ვინც ე.წ. აგენტების კანონს მხარს დაუჭერს, ქვეყნის მოღალატე იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ამ კანონის წინააღმდეგ გამოდის მთელი მსოფლიო, გაერო ევროკავშირი, ყველა წესიერი ადამიანი საქართველოში და ამის მიუხედავად არის მცდელობა ამ კანონის გატანის თუნდაც, პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი ანუ "ქართული ოცნება" და არავითარი რაღაც ძალა არ არსებობს, პირდაპირ აცხადებს თავს რუსეთის აგენტებად.
„შეიძლება ჩავთვალოთ, თითოეული დეპუტატი ვინც ამ კანონს მხარს დაუჭერს პირველი მოსმენით იქნება ქვეყნის მოღალატე. ეს სიტყვა საერთოდ იშვიათად უნდა გამოიყენო, მაგრამ ამის სხვანაირად ფორმულირება შეუძლებელია. ეს იქნება იმ აქტის ტოლფასი, როცა შევარდნაძის დროს პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს დსთ- ში გაწევრიანებას“, - განაცხადა გოცირიძემ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.