„შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო და ძებნითი სამუშაოები ამ დრომდე, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უწყევტ რეჟიმში გრძელდება,“ - ვკითხულობთ შსს-ს მიერ 23 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში შატილის ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში კი ვკითხულობთ- სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება: საავტომობილო გზის გაუმართაობისას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში, ბუნებრივი მოვლენების დროს, სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფის ან სხვა უბედურების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. (საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ, მუხლი 13).
რადგანაც შსს-მ თავად აღნიშნა განცხადებაში, რომ ძებნითი სამუშაოები რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში და შეზღუდული ხილვადობის დროს მიმდინარეობდა, რატომ არ მოხდა დროულად იმის დარეგულირება შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, რომ ეს მგზავრები ასეთ პირობებში საერთოდ არ ყოფილიყვნენ შატილის მაღალი საფრთხის შემცველ გზაზე? რაც იმას გულისხმობს, რომ შეეზღუდათ მოძრაობა დროის ამ მონაკვეთში ისევე, როგორც ეს ხდება თუნდაც გუდაური-კობის საგზაო მონაკვეთზე დიდთოვლობისა და უამინდობის დროს. შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში, 17-ვე მათგანს სიცოცხლე ფატალურად არ დაესრულებინა!!!
გულგრილობა და უყურადღებობა მაღალი საფრთხის შემცველ გზებზე, არაეფექტიანი ტექდათვალიერების რეფორმა, არავითარი შემაკავებელი მექანიზმი იმისა, რომ არაკვალიფიციურმა ტურისტულმა კომპანიებმა საკუთარ თავზე არ აიღონ ადამიანების უსაფრთხოება და სიცოცხლე - რა ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვს?
- არსებობს სტრუქტურები, როგორებიცაა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ან თვითმმართველობა - არის თუ არა მათი ფუნქცია, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში ისეთ გზებზე, როგორიც ხევსურეთშია მოძრაობა აიკრძალოს?
- უნდა იყოს თუ არა რთულ გზებზე გავლის გადაწყვეტილება დამოკიდებული მძღოლის ინტუიციაზე?
- და უმთავრესი - 23 აგვისტოს, შესაბამის სტრუქტურებს საკუთარი ფუნქცია რომ შეესრულებინათ და აღნიშნულ გზაზე მოძრაობა დაერეგულირებინათ, შეექმნებოდა თუ არა ამ 17 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე?
მაღალმთიან რეგიონებში — განსაკუთრებით თუშეთისა და ხევსურეთისკენ მიმავალი გზები განსაკუთრებულად რთული სამოძრაო ინფრასტრუქტურის გამო ხშირად „სიკვდილის გზებად“ იწოდება.
2019 წლის 27 ივლისს, თუშეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ათენგენობის აღსანიშნავად მგზავრები ქვემო ალვანიდან თუშეთში, სოფელ ბეღელაში „კამაზით“ მიდიოდნენ.
რატომ არ ხდება მოძრაობის უსაფრთხოების რეგულირება და რატომ არ კეთდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა თუ გამაფრთხილებელი ნიშნები მაღალი საფრთხის მქონე გზებზე, მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად?
რატომ გადაჰყავდა ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებას მგზავრები და რატომ არ ხდება ტურისტული სააგენტოების შემოწმება უსაფრთხოების კუთხით მანამ, სანამ ადამიანები მათ საკუთარ სიცოცხლეს ანდობენ?
ფაქტია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და რომ შესაბამისი ზომების მიღება მთავრობის მხრიდან, აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევების გამო კიდევ არაერთი გლოვის დღე გამოცხადდება.
კომერსანტი