აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში სუპერგმირის სახით გამოჩნდა და მისივე გამოსახულებიანი NFT ბარათების კოლექცია წარმოადგინა.
ერთი დღით ადრე, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც Trump Tower-ის ოქროსფერი წარწერის წინ მდგარი ტრამპი თვალებიდან ლაზერის სხივებს უშვებს, პერანგს იხსნის, საიდანაც წითელი კოსტიუმი მოჩანს T ასოთი. ვიდეოში ტრამპი ამბობს, რომ „ამერიკას სუპერგმირი სჭირდება“.
მოგვიანებით ტრამპმა 45 NFT ბარათის კოლექცია წარმოადგინა. ბარათებზე ტრამპი წარმოდგენილია როგორც ასტრონავტი, კოვბოი, სუპერგმირი, გოლფის მოთამაშე და ა.შ.
„იმედი მაქვს, რომ თქვენი საყვარელი პრეზიდენტი ვარ, ლინკოლნზე უკეთესი, ვაშინგტონზე უკეთესი. მე წარმოვადგენ ჩემს პირველ ოფიციალურ NFT კოლექციას“, - აცხადებს ტრამპმა.
თითოეული ბარათის ღირებულება 99 დოლარია. მთელი კოლექციის შეძენის შემთხვევაში მყიდველს ყოფილი პრეზიდენტის მამულში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში სადილობის შესაძლებლობა ექნება.