თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის მიერ დაარსებული მოძრაობა „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს „აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს
„გვჯერა, რომ კანონპროექტები შინაარსითვე უპირისპირდებიან იმ იდეალებს, რომლებზეც დგას ჩვენი უნივერსიტეტი 1918 წლიდან. ვინაიდან ჩვენს წინაშე არსებული პრობლემა ცდება პოლიტიკური მიკუთვნებულობის ფარგლებს და პირდაპირ ეხება ჩვენი და მომავალი თაობების საგანმანათლებლო პერსპექტივებს, ჩვენი უნივერსიტეტისა და რექტორის, ბატონი ჯაბა სამუშიას, მკაფიო პოზიციონირება ხსენებულ კრიტიკულ საკითხთან დაკავშირებით უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.
ამასთანავე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაფიო პოზიცია ერთთავად გაზრდის სტუდენტების აქტიურობას და შესაძლებელს გახდის პროტესტის მშვიდობიან, კონსტრუქციულ ფარგლებში შენარჩუნებას,“ - წერია განცხადებაში
მანამდე მოძრაობის წევრებმა, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად „ქართული ოცნების“ წევრის ნიკოლოზ სამხარაძის სალექციო კურსზე რეგისტრაცია გააუქმეს.