ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ ევროპას და ევროპელ კოლეგებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ უნდა მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
„აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველი განსზღვრული პრიორიტეტი და პირობა არის პოლარიზაციის დასრულება, პოლარიზაცია, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიას ახასიათებს, ეს არის ამერიკა, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, ყველგან არის პოლარიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არ და ვერ იქნება გამონაკლისი. კითხვა დავუსვათ საზოგადოებას, ჩვენს ოპოზიციას თუ რას აკეთებს ოპოზიცია პოლარიზაციის შესამცირებლად?
ჩვენ რომ შევხედოთ ერთი წლის განმავლობაში შემცირდა თუ არა პოლარიზაცია, ალბათ ვერავინ დაგვეთანხმება, რომ ეს ასე მოხდა. პირიქით, ჩვენ ვნახეთ ამის შემდეგ დესტაბილიზაციის მცდელობები, შარშან ივნისის აქციები, ახლა უკვე მარტის აქციები, პოლარიზაციამ მოიმატა, პარლამენტარები არ მონაწილეობენ სამუშაო პროცესში, არ მიიღეს მათ მონაწილეობა ამ 12 რეკომენდაციისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, შესაბამისად ჩვენი პასუხი მინდა საჯაროდ ვთქვა, რაც მე გავუზიარე ღიად ჩვენს ევროპელ პარტნიორებს არის შემდეგი - თუ ევროპას და ჩვენს ევროპარლამენტარებს და ევროპელ კოლეგებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ უნდა მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ეს მოხსნის ყოველგვარ კითხვებს, ყოველგვარ სპეკულაციებს, დაასრულებს მათ ამ დესტრუქციულ და რადიკალურ მოქმედებებს და რეალური მიზეზი აღარ დარჩება ჩვენს ექსტრემისტულ ოპოზიციას, რომ რაიმე ბრალი წაუყენონ ჩვენს ხელისუფლებას. ეს არის რეალობა, თუ გვინდა, რომ ამ რეალობაზე ვესაუბროთ ჩვენს ხალხს,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.