საქართველოს 1 166 737 მოქალაქე ნაწილობრივ სავალდებულო საპენსიო სისტემაში მონაწილეობს და მათი ყოველთვიური ხელფასის 6% საპენსიო სააგენტოში ირიცხება. საპენსიო ფონდის აქტივები უკვე 1.77 მილიარდ ლარს აჭარბებს.
რამდენიმე დღის წინ საპენსიო სააგენტომ პარლამენტს წარუდგინა 2021 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ამჟამად, საპენსიო ფონდის აქტივები 8 კომერციულ ბანკშია განთავსებული, ხოლო საპენსიო აქტივებს ჯამში 11.15%-ის წლიური საპროცენტო სარგებელი ერიცხებოდა.
“თანხა განთავსებული იყო 8 ქართულ კომერციულ ბანკში: 70.3% სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 29.7% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხება ცვლადი სარგებელი. აქტივების განაწილება აკმაყოფილებდა დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონითა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ ლიმიტებს, მათ შორის: საკრედიტო რეიტინგის, ბანკის საერთო კაპიტალისა და კონცენტრაციის შეზღუდვებს. საშუალო შეწონილი წლიური ეფექტური სარგებელი შეადგენდა 11.15%-ს. სადეპოზიტო სერტიფიკატებისა და ვადიანი ანაბრების საშუალო შეწონილი ვადიანობა შეადგენდა 2.49 წელს, ხოლო სრული პორტფელის საშუალო შეწონილი ვადიანობა (სარგებლიანი მიმდინარე ანგარიშის გათვალისწინებით) 1.70 წელს.
2021 წლის პირველ ნახევარში საინვესტიციო სამსახურმა შეიძინა სულ 10 ახალი სადეპოზიტო სერტიფიკატი და ვადიანი ანაბარი, ჯამური მოცულობით 288 200 451 ლარი“, - ნათქვამია ანგარიშში.
საპენსიო ფონდის მომგებიანობა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე შეადგენდა 24.5%-ს, ამავე პერიოდში ინფლაციის ცვლილება შეადგენდა 17.8%-ს, ხოლო ლარის კურსის ცვლილება აშშ დოლართან მიმართებაში 18.24%-ს. არსებული ვითარების ფონზე, საპენსიო სააგენტოს ასეთი საპროცენტო ამონაგები რამდენად საკმარისია და რამდენად კარგ მაჩვენებლად ითვლება, ამის შესახებ “კომერსანტთან” საპენსიო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ფინანსისტმა ლევან სურგულაძემ ისაუბრა.
“ბანკებში მათ აქვთ საშუალოდ 11-11.2% ამონაგები, იმიტომ რომ ნაწილი არის სადეპოზიტო სერთიფიკატებში, სადაც პროცენტი უფრო მაღალია, ნაწილი დეპოზიტებზე, მესამე ნაწილი კი ჯერ არ არის შეთანხმებული ბანკთან, თუ სად დაიდება. ამათი საშუალო დაახლოებით 11,2%-ია. საზღვარგარეთ ინფლაციისგან თავის დასაცავათ არსებობს ინსტრუმენტები, რომლებიც ინფლაციაზეა მიბმული ე.წ. ინფლაციური ბონდები. როდესაც ინფლაცია იმატებს, ამ ბონდებზე ამონაგები იმატებს, რაც შეეხება ჩვენს შემთხვევას, კონტრაქტების ნაწილის მიხედვით, რომლებიც ბანკებთან არის დადებული, სარგებელი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე. რეფინანსირების განაკვეთს კი ზრდიან როდესაც ინფლაციას ებრძვიან, მაგრამ ინფლაცია ბევრად მეტად გაიზარდა. მართალია 2019 წლიდან ინფლაცია დაბალი იყო და საპენსიო სააგენტოს ამონაგები მაღალი გამოდიოდა, მაგრამ ბოლო კვარტალში მინუსში იყვნენ. თუ ასეთი ორნიშნა ინფლაცია გაგრძელდა საპენსიო ფონდის ამონაგები მინუსში იქნება. ასევე, პროფესიონალი ფინანსისტები საუბრობენ წლიურ სარგებელზე და არა დაარსებიდან...
ამონაგებზე მოქმედებს ლარის კურსიც და თავდაპირველად ჩვენ ვგეგმავდით, რომ, კანონით დაშვებული 20% გადაგვეტანა დოლარში დენომინირებულ დეპოზიტებზე, მაშინ საპროცენტო განაკვეთები დოლარში შედარებით მაღალი იყო, დაახლოებით 5-6%-ს უტოლდებოდა და ეს რომ გაკეთებულიყო დღეს ფონდში დაახლოებით 40 მლნ. ლარით მეტი იქნებოდა”, - ამბობს ლევან სურგულაძე.
საპენსიო სააგენტოს, სხვადასხვა ფასიან ქაღალდში ინვესტიციის განხორციელების პროცესი არ დაუწყია, თუმცა 1-ელ ოქტომბერს ამ მიზნით სპეციალიზებულ დეპოზიტართან ხელშეკრულება გააფორმა. სპეციალიზებული დეპოზიტარის მეშვეობით, რომელიც საქართველოს ბანკი გახდა, საპენსიო სააგენტოს რამდენიმე წელიწადში ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელების დაწყება შეეძლება.
ნინო თამაზაშვილი