კომპიუტერული ტვინის ინტერფეის კომპანია Neuralink-ი თავისი ერთ-ერთი მოწყობილობის - ტვინის ჩიპის ადამიანის თავში იმპლანტაციას 6 თვეში დაიწყებს. ამის შესახებ განცხადება ილონ მასკმა გააკეთა.
როგორც თავად მასკმა თქვა - ეს წელს ვერ მოესწრება მაგრამ, როცა შესაძლებელი იქნება, ჩიპს თავადაც გადაინერგავს თავში.
კომპანიამ ადამიანებზე კლინიკური კვლევისთვის საჭირო დოკუმენტაციის უმეტესი ნაწილი სურსათისა და წამლების ადმინისტრაციას (FDA) უკვე წარუდგინა. მანამდე მასკმა თქვა, რომ Neuralink-ის ჩიპების ადამიანებზე გამოცდა 2020 წელს დაიწყებოდა, შემდეგ თარიღმა 2022-ში გადაიწია, ახლა - 2023-ში.
2019 წელს ჩიპების გამოცდა მაიმუნებზე დაიწყო. წელს Neuralink-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მაიმუნი, რომელიც ვიდეოთამაშ Pong-ს თამაშობს; ახალ ვიდეოში ჩანს, როგორ კრეფს მაიმუნი ფრაზას „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“; მესამე ვიდეოში მაიმუნებს სხვადასხვა მოწყობილობების დამუხტვას ასწავლიან; მოგვიანებით, პრეზენტაციაზე, Neuralink-ის მკვლევრებმა ასევე აჩვენეს ღორი სარბენ ბილიკზე, რაც მათ ადამიანებში მობილობის პრობლემების შესწავლაში უნდა დაეხმაროს.
თავად Neuralink-ის ჩიპი პატარაა და მრავალი მოქნილი ძაფი აქვს, რომელიც ტვინში უნდა ჩაისვას. „ეს თავის ტვინის ჭკვიანი ანალოგით შეცვლას ჰგავს, როცა უკეთესი არ არსებობს“ - განაცხადა პრეზენტაციაზე მასკმა.
Neuralink-ი ავითარებს ტვინის ჩიპებს, რომლებსაც შეუძლიათ იმ ადამინებსაც კი გამოუსწორონ მხედველობა, ვინც უსინათლო დაიბადა. მოწყობილობა ასევე აღადგენს სხეულის სრულ ფუნქციონირებას, მოძრაობას და ვერბალურ კომუნიკაციას, დაზიანებული ზურგის ტვინის შემთხვევაშიც.
Neuralink-ი ამჟამად ცდილობს დაასრულოს სამუშაო, რადგან ის პროტოტიპიდან პროდუქტის შექმნაზე გადადის.
„დარწმუნებული ვარ, რომ არ გენდომებათ თავში გქონდეთ iPhone 1, როცა iPhone 14 არსებობს“ - განაცხადა პრეზენტაციის ბოლოს მასკმა.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა