საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმის მოწვევა შესაძლოა, სამშაბათზე ადრე გახდეს საჭირო.
როგორც ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილი მორალურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და სახეზე უფერულობა.
მისივე განცხადებით, კონსილიუმის წევრმა ექიმებმა უნდა დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება საჭიროა თუ არა სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანა და როგორ შეიძლება გაგრძელდეს მისი მკურნალობა.
"ჩემი რჩევა და რეკომენდაციაა, რომ ეს კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს, ექიმებმა უნდა თქვან რა გავაკეთოთ შემდეგ. საჭიროა თუ არა მისი ჰოსპიტალში გადაყვანა, რა მინერალები უნდა მივცეთ, ან რა უნდა გადავუსხათ.
შეიძლება დასჭირდეს კონსილიუმის უფრო ადრე დანიშვნა ვიდრე სამშაბათს, მორალურად ძალიან კარგად არის, მაგრამ უჭირს სიარული. აქვს სისუსტე და უფერულობა, როდესაც ადამიანი სუსტად გრძნობს თავს და გრიპი გადახდა... ასეთი სიტუაციაა. ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში საჭირო არ არის, მაგრამ ვნახოთ. წინა შეხვედრასთან შედარებით უფრო სუსტია.
კონსილიუმთან დაკავშირებით სახლში წასვლის შემდეგ დავურეკავ ციხის ექიმს და შემდეგ მათ უნდა გადაწყვიტონ, როდის ჩანიშნავენ”, - აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჩივილები. მათივე ცნობით, სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების, მათ შორის თაფლის და ასევე ნატურალური წვენის მიღება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. მან ციხიდან დღეს წერილიც გაავრცელა. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის, უკრაინაში ექსტრადაცია სურს. ზელენსკის მიერ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის სურვილი გასულ კვირას მისი ადმინისტრაციის წევრმა გააჟღერა. მოგვიანებით კი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩაერევა. ამაში დარწმუნებული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც. მან გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ერთმა ადამიანმა, მიხეილ სააკაშვილმა, მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ჩრდილი მიადგეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობის განგრძობადობას.
საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება, რასაც სახელისუფლებო გუნდიდან ეთანხმებიან და დასძენენ, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში.
საქართველო-უკრაინის პარტნიორობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაში დარწმუნებულია სახელისუფლებო გუნდიც. მათი მტკიცებით, ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს. გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის დარღვევა იყო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე, ამ შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე, ერეოდა სხვა ქვეყნის, საქართველოს, არჩევნებში.
წყარო ინტერპრესნიუსი