რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილს ეხმაურება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი საკუთარ სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ წერს.
პუშკოვის თქმით, სააკაშვილისა და მისი მომხრეების განცხადება, რომ საქართველოში ძალაუფლება „პრორუსული ძალების“ ხელშია, შესაძლოა ფსიქიატრებისთვის საინტერესო აღმოჩნდეს. მან ამ ყველაფერს სრული სისულელე უწოდა.
„უცნაური წერილი, არცთუ ისე ადეკვატური ადამიანისგან“, - აღნიშნა პარლამენტარმა.
რუსმა სენატორმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლებთან მუშაობის გამოცდილებაც გაიხსენა. როგორც ალექსეი პუშკოვმა აღნიშნა, ეს ადამიანები არ გაჩერდებიან მანამ, სანამ რუსეთთან ომის პროვოცირებას არ მოახდენენ.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის, უკრაინაში გადაყვანა სურს, თუმცა მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩაერევა. ამაში დარწმუნებული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც. მან გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ერთმა ადამიანმა, მიხეილ სააკაშვილმა, მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ჩრდილი მიადგეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობის განგრძობადობას.
საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება, რასაც სახელისუფლებო გუნდიდან ეთანხმებიან და დასძენენ, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში.
საქართველო-უკრაინის პარტნიორობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაში დარწმუნებულია სახელისუფლებო გუნდიც. მათი მტკიცებით, ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს. გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის დარღვევა იყო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე, ამ შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე, ერეოდა სხვა ქვეყნის, საქართველოს, არჩევნებში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. მან ციხიდან დღეს წერილიც გაავრცელა. „ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელო ქართველო საზოგადოება, როცა ყველაფერი მივატოვე კიევში და ჩამოვედი, ვიცოდი რომ, დიდი ალბათობით, დამაკავებდნენ. დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის, პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა ამ განაჩენს არ აღიარებს, მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა, ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის“, - წერს სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.
წყარო: ინტერპრესნიუსი