აშკარაა, რომ „უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ე. წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი შეფასდა ბრიუსელის მიერ და მათ გამოხატეს თავიანთი პოზიცია. გამოყენებული იყო სიტყვები შემაშფოთებელი, სამწუხარო. მე რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია, სულ მცირე ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან. პირველი პრიორიტეტი მედიის თავისუფლებაა, მეორე - სამოქალაქო საზოგადოება.
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ცუდი გზავნილი, რომელიც ამავდროულად ცუდ დროს შემუშავდა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ როგორმე გადაიფიქრებენ და არ მიიღებენ. ეს ინიციატივა აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო და იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა არ გადაიქცევა კანონად“- განაცხადა ჰერჩინსკიმ.