უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კიევი აპირებს გამოვიდეს მოწოდებით რუსეთი აღარ იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, მის მიერ „ენერგეტიკული ტერორის გამოყენებისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში.
„ჩვენ ძალიან მარტივი კითხვა გვაქვს: აქვს რუსეთს უფლება დარჩეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად, ან გაეროში იყოს, ზოგადად? - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში 25 დეკემბერს. „გვაქვს დამაჯერებელი და განსჯაზე დაფუძნებული პასუხი - არა - დასძინა მან.
კულება ამბობს, რომ უკრაინა თავის პოზიციას ოფიციალურად გამოხატავს 26 დეკემბერს. მინისტრის თქმით, გაეროს დიპლომატიურ წრეებში უკვე განიხილება რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების მქონე მუდმივი წევრის სტატუსის ქონის საკითხის მიზანშეწონილობა.
„ეს საკითხები ჯერჯერობით ღიად არ განიხილება პრესკონფერენციებსა თუ სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურების განცხადებებში, მაგრამ უფრო დაბალ დონეზე ადამიანები სვამენ კითხვას - როგორი უნდა გახდეს რუსეთი საიმისოდ, რომ აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის? - ამბობს კულება.
რუსეთი ერთ-ერთია გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან - აშშ-სთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და ჩინეთთან ერთად - რაც მას აძლევს ძალას ვეტო დაადოს ნებისმიერ რეზოლუციას. 15-წევრიან, გავლენიან საბჭოს შეუძლია ბევრი ნაბიჯი გადადგას გლობალურ კრიზისებთან მიმართებით, მათ შორის უფლება დართოს სამხედრო მოქმედებას, ცვლილებებს გაეროს ქარტიაში, დააკისროს სადამსჯელო სანქციები ცალკეულ სახელმწიფოებს.
რუსეთს კვირების განმავლობაში ადანაშაულებენ საერთაშორისო კანონის დარღვევაში, უკრაინაში წყლის და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებით ცივ ზამთარში. რუსეთის მიერ რაკეტებით და დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს კიევი უწოდებს ენერგეტიკული ტერორის აქტებს, რომელთა მიზანია უკრაინელი ხალხის ნების გატეხვა.