ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უკრაინაში გენერატორები წლის ბოლომდე გაიგზავნება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ჩვენ მივიღეთ ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხრიდან თხოვნა, რომ დავხმარებოდით გენერატორებით და სხვა ელექტრომოწყობილობების კუთხით. სამწუხაროდ, ექსტრა გენერატორები მარაგში ნამდვილად არ გვქონდა. შემდგომში პრემიერ-მინისტრმა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და ჩვენ მივიღეთ დავალება, გამოიყო ამისთვის რესურსები.
დაწყებულია შესყიდვის პროცესი, ჩვენ უკრაინელ მეგობრებს დავეხმარებით გენერატორებით და მიიღებენ ადეკვატურ, საჭიროების შესაფერის მოწყობილობებს, მაღალი ტექნოლოგიის და საიმედო გენერატორებს. ამაში ჩართულია ჩვენი ექსპერტული ჯგუფი და მისის შესყიდვის პროცესი.
გენერატორები წლის ბოლომდე საქართველოდან გაიგზავნება. აქ მნიშვნელოვანია სიმძლავრეები, ჩვენ ისე დავგეგმეთ რომ სხვადასხვა სიმძლავრის იყოს, მაქსიმალური მოქნილობა ჰქონდეთ და გამოიყენებოდეს როგორ კორპუსებისთვის, ასევე კორპუსების ბლოკებისთვის და ასე შემდეგ. ასე რომ ენერგეტიკული კუთხით კარგად გათვლილი კონტრაქტია,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
უკრაინას გენერატორების საჭიროება მას შემდეგ დაუდგა, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიზანმიმართულად დაიწყო უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება.