უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი, ღია წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინის არმია წინ მიიწევს ხერსონის მიმართულებით წამოწყებული კონტრშეტევის ფარგლებში.
„არ გამართლდა რუსეთის იმედი - ხერსონის მიმართულებით პაუზასთა დაკავშირებით. მათ იჩქარეს გამარჯვების გამოცხადება. დელიკატურად რომ ვთქვათ, მებრძოლების მიერ ღია წყაროებში გავრცელებული ვიდეოების რაოდენობა და ასევე ადგილები და წინ წაწევა, აჩვენებს, რომ ჩვენი ჯარი აქტიურად მოქმედებს ხერსონის მიმართულებით... არანაირი პაუზა არ არის. [რუსეთის ხელისუფლებაში] ყვებოდნენ, რომ გაგვანადგურეს და წინ წაწევის საშუალება არ მოგვცეს... ზღაპრებია ეს. [უკრაინის ჯარი] წინ მიიწევს“, - განაცხადა არესტოვიჩმა, 3 სექტემბერს, დღის ბოლოს, „ფეიგინ ლაივ“-ის ეთერში.
გავრცელებული ოფიციალური ცნობების თანახმად, უკრაინულმა არმიამ ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა 29 აგვისტოს წამოიწყო.მალევე, კიევმა გამოაცხდა ერთგვარი მორატორიუმი, ფრონტის ამ მონაკვეთთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაზე. კიევმა გადაუმოწმებელ ცნობებზე მსჯელობისგან თავის შეკავება ურჩია როგორც პოლიტიკოსებს, ასევე ექსპერტებსა და მედიას. ეს მოთხოვნა მნიშვნელოვანწილად სრულდება.
რუსეთის ხელისუფლებამ 29 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინული არმიის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა; თუმცა საწინააღმდეგოზე მეტყველებს რუსულ მედიაში გავრცელებული რუკები. ასევე ვრცელდება აფეთქებებისა და უკრაინელი ჯარისკაცების წინსვლის ამსახველი ვიდეომასალები. მათი ნამდვილობა ოფიციალურად არ არის დადასტურებული.
ზოგიერთი რუსული და ასევე უცხოური წყაროები, 29-30 აგვისტოს, იტყობინებოდნენ, რომ უკრაინულმა არმიამ 24 საათზე ნაკლებ დროში მოახერხა 5 დასახლების აღება და ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე 5-6 კილომეტრით წაიწია წინ.
ალექსი არესტოვიჩმა, საწყის ეტაპზე, 29 აგვისტოს, კონტრშეტევას „პატარა“ და „სიმპატიური“ უწოდა და ასევე განაცხადა, რომ არ იქნება ელვის სისწრაფის პროგრესი და რომ უკრაინა ხერსონის დაბრუნებას მიზანმიმართულად, დიდი დანაკარგების გარეშე, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში შეძლებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და გააჩაღა სასტიკი ომი, რომელსაც დღემდე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.
წყარო: radiotavisupleba.ge