კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში არსებული მძიმე კონფლიქტი პირდაპირ გვეხება ჩვენ, ამიტომ აქტიური პოზიციონირება უნდა მოვახდინოთ და არა ისეთი, როგორსაც დღეს "ქართული ოცნება" ახდენს, - აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ხელისუფლებამ აქტიური პოზიციონირება უნდა მოახდინოს. ნონიაშვილის შეფასებით, საქართველო უკრაინაში არსებულ კრიზისის მიმართი არასწორ და არასერიოზულ დამოკიდებულებას იჩენს.
„მგონია, რომ საქართველო უკრაინაში არსებულ კრიზისის მიმართი არასწორ და არასერიოზულ დამოკიდებულებას იჩენს. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების პოზიციაა - თუ ახლა კარგად ჩავწვებით და დავიმალებით, მაშინ თვალში არავის გავეჩხირებით და სუფთად გამოვალთ ამ ვითარებიდან, მაგრამ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში არსებული მძიმე კონფლიქტი პირდაპირ გვეხება ჩვენ, ამიტომ აქტიური პოზიციონირება უნდა მოვახდინოთ და არა ისეთი, როგორსაც დღეს "ქართული ოცნება" ახდენს. როდესაც რუსეთმა განაცხადა, რომ სამხედრო ნაწილები საზღვრისპირა რეგიონიდან გაჰყავს, ხელისუფლებამ პოზიცინირება ამის შემდეგ დაიწყო, რაც პრაგმატულადაც არასწორია, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ საფრთხე განეიტრალებულია და ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ განცხადებაო. ეს ყველაფერი კომიკურია, სინამდვილეში გუშინ, პირდაპირ განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, რომ რუსეთი კიევზეც კი აპირებს თავდასხმას, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს აქტიური პოზიციონირება, რითაც მთელ მსოფლიოს რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს უკრაინის შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაც დავანახებთ“, - განაცხადა ნონიაშვილმა.