არასწორი აღრიცხვიანობა, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობის მეთოდი მთავარი პრობლემებია, რაც პანდემიის მართვისას არის დაშვებული. კოვიდ19-ის პრევენციის, ასევე მკურნალობის მოდელი, რითაც საქართველო ხელმძღვანელობს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აშკარაა, რომ ვერ გაამართლა სტანდარტმა, რითაც საქართველო ხელმძღვანელობს. წარუმატებელი მკურნალობითა და რეკომენდაციებით ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან და ასეთ ფონზე პროტესტი არ იგრძნობა მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოება არ აღმოჩნდა ამისთვის მომწიფებული. როგორც ჯანდაცვის სფეროს მკვლევარი, ექსპერტ-კონსულტანტი ვატო სურგულაძე აცხადებს, პასუხი ყველას უნდა მოეთხოვოს, პირველ რიგში, ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებს, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პოპულისტური და უშედეგო გადაწყვეტილებების გამო.
ცალკე პრობლემაა ისიც, რომ საზოგადოებას დღემდე არ აქვს დადასტურებული პასუხი, თუ რა არის საქართველოში კოვიდსიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზები და როგორ უნდა მოიძებნოს გამოსავალი.
ჯანდაცვის ექსპერტი პირდაპირ აცხადებს, რომ ადგილი აქვს ადამიანების გენოციდს არასწორი დიაგნოსტირება-მკურნალობის, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის და პანდემიის მართვისას დაშვებული სხვა შეცდომების გამო, რასაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ეწირება.
„საქართველოში პანდემია გახდა უმართავი. ამაში დამნაშავეა უშუალოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და იმ სტრუქტურების ხელმძღვანელები, რომლებიც კოვიდის მართვის პროცესში არიან ჩართული, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ისინი პოპულისტური გადაწყვეტილებებით არიან დაკავებული და გენოციდი აქვთ გაჩაღებული, არ მოვერიდები ამის თქმას! ბევრი პრობლემაა, არც ერთი საკითხი არ არის გადაჭრილი, ვაქცინაციიდან დაწყებული, ბინაზე მკურნალობის ჩათვლით. პრობლემა არც მოგვარდება, როცა PSR ტესტები სუვენირების მაღაზიებში კეთდება, ხარისხზე ნუღარ ვილაპარაკებთ! ჩვენი საზოგადოება არ არის მომწიფებული პროტესტისთვის, ანტივაქსერული დაჯგუფებები გაცილებით ძლიერები აღმოჩნდნენ, რეალური საინფორმაციო კამპანიას არ ატარებს სახელმწიფო და რაზე უნდა ვისაუბროთ?! როდესაც მინისტრი არ არის მეორედ აცრილი, ასევე სამინისტროს თითქმის ნახევარი თანამშრომელი, ხოლო პრემიერი როგორ პირობებში და სად აიცრა, გაურკვეველია“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ვატო სურგულაძე და დასძენს, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც არასწორ ქმედებას საქართველოს მოქალაქეები ეწირებიან.
,,დღეს თუ არა, ხვალ ან ზეგ აუცილებლად დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, ვინც ამდენი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა, ამას ვერავინ გაექცევა! გვიხარია, რომ დღეს 64 გარდაიცვალა და არა 80, აქამდეც მივედით! ,,მწვანე პასპორტი“ შემოიღეს და ისიც არასწორი ფორმით, მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯები იდგმება“, - ამბობს სურგულაძე.
რაც შეეხება ანტივაქსერულ მოძრაობას, ორგანიზაცია ,,ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ იგი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც პანდემიის საწყის ეტაპზე მედიკოსებს ტაში დაუკრა, მაგრამ უკვე დღეს მათი პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს და უმართავი პანდემიის მიზეზად მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს მიიჩნევს.
,,არ ვენდობი ვაქცინაციას, მაგრამ არასდროს მითქვამს, რომ კოვიდი არ არსებობს და მისგან ადამიანები არ იღუპებიან! ვეჭვობ, რომ მანიპულაცია ხდება, სტატისტიკას აყალბებენ. ასე თუ არ არის, დაიდოს სახელი და გვარები იმ ადამიანებისა, რომლებიც ყოველდღიურად კოვიდის დიაგნოზით კვდებიან. მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ იღებს სათანადო ინფორმაციას, კომუნიკაციის პრობლემაა, ამას უშველონ! ამასთან, თუ მართლა კორონავირუსით იღუპება ამდენი ადამიანი, რატომ არ იგრძნობა პროტესტი?! ვინც პანდემიის მართვაზეა პასუხისმგებელი და ვალდებულებას თავი ვერ გაართვეს, დატოვონ თანამდებობა. თავის დროზე, როცა პანდემიური ორომტრიალი ახალდაწყებული იყო, ექიმებს ტაში დავუკარით! ამდენი გარდაცვალებაა და პასუხისმგებლობაც უნდა აიღონ. ელემენტარულად ტესტირების პროცესიც არ არის მართული, მკურნალობაზე ხომ საუბარი ზედმეტია. დიდძალი ფული იხარჯება სწრაფ ტესტირებაში და მათი უმეტესობა კოვიდ 19-ს ჩვეულებრივი ვირუსისგან ვერ ასხვავებს“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ზვიად ტომარაძე.
ცნობისთის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდაიცვალა 64 პაციენტი.
23 ნოემბერს საქართველოში 26 588 ტესტი ჩატარდა. დადებითობის მაჩვენებელმა 12% შეადგინა.
მარი ჩიტაია