ჰაერის დაბინძურების პრობლემა განსაკუთრებით ბოლო კვირის განმავლობაში გახდა აქტუალური. როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა, პრობლემის დასაძლევად აუცილებელია დიდ ქალაქებში კერძო ავტომობილების შემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლა, ფეხით და ველოსიპედით სიარული და ელექტრომობილების გამოყენება. გარდა ამისა, მისი თქმით, სამინისტრო პრობლემის გადასაჭრელად ავტოპარკის განახლებაზე მუშაობს, ცდილობენ უფრო მეტად წახალისდეს ელექტრომობილები, ჰიბრიდების მოხმარება და შეიზღუდეს ისეთი ავტომობილების იმპორტი, რომლებიც ემისიის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.
„ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი ავტოპარკის განახლება მოხდეს, კიდევ უფრო წახალისდეს ელექტრომობილები, ჰიბრიდები და ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ შეიზღუდოს ისეთი ავტომობილების იმპორტი, რომლებიც ემისიის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. მაქსიმალურად ვცდილობთ წლოვანების მიხედვით არ შევზღუდოთ მანქანები. გვინდა ეს ყველაფერი ემისიის სტანდარტს მივაბათ. ჩვენი ქვეყნის იმპორტის დიდი წილი აშშ-დან შემოყვანილ ავტომობილებზე მოდის, აშშ არ არის მიერთებული ავტომობილის ტიპის აღიარების კონცეფციასთან და ამ ავტომობილების ემისიის სტანდარტის დადგენა ძალიან რთულია. ემისიის სტანდარტს აუცილებლად დავაწესებთ“, - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დაბინძურებული ჰაერი იწვევს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი გზების, ფილტვის ქრონიკულ, ტვინის იშემიურ დაავადებებს, ასთმას, შეიძლება გახდეს სიმსივნის გამომწვევიც. სიკვდილიანობას რაც შეეხება, ჰაერის დაბინძურების შედეგად, ნაადრევად დაახლოებით 8 მლნ ადამიანი კვდება და ეს უფრო მეტია ვიდრე მალარიით, შიდსით და ტუბერკულოზით გამოწვეული დაავადებები ჯამში.