რამდენიმე დღის წინ თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე ავტობუსის გაჩერებაზე მოსაცდელი წაიქცა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია დაზიანდა. მომხდარის შესახებ თბილისის მერიაში კომენტარისგან დღემდე თავს იკავებენ.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„კომერსანტმა“ გადაწყვიტა გაერკვია დეტალები ავტობუსის მოსაცდელი კონსტრუქციების განთავსების ვადების და პირობების შესახებ, რომელიც კომპანია „ალმა-ტრანსპორტს“ დაახლოებით 6 წლის წინ დაეკისრა.
როგორც აღმოჩნდა, წლების წინ თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის მოსაცდელი კონსტრუქციების განთავსების მიზნით 700 ადგილი შეარჩია. მიწის იჯარით გაცემის შესახებ აუქციონი 2016 წლის 25 მარტს გამოცხადდა და 4 აპრილს დასრულდა. აუქციონში გამარჯვებულ კომპანია „ალმა-ტრანსპორტს“ მოსაცდელების მონტაჟი 2017 წლის მაისამდე უნდა დაესრულებინა.
„ავტობუსების მოსაცდელების ნაწილი ლედ ეკრანებით აღიჭურვება. მიწის ნაკვეთები 20 წლიანი იჯარის უფლებით აუქციონის ფორმით გაიცა. იჯარის საზღაური თვეში 1 კვ.მ-ზე 7 ლარით განისაზღვრა.
გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსის მოსაცდელების განთავსებისთვის არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. აუქციონის პირობების თანახმად, დაახლოებით 1,3 მეტრი სიგანის და 3-დან 5 მეტრამდე სიგრძის საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელი განთავსდება“, - აღნიშნავდნენ თბილისის მერიაში.
თუმცა 6 წლის შემდეგაც კი კომპანია „ალმა-ტრანსპორტს“ თავისი ვალდებულება შესრულებული არ აქვს. უფრო მეტიც, იმის ნაცვლად რომ თბილისი მერიას შესაბამისი ჯარიმა დაეკისრებინა კომპანიისთვის, მას პირგასამტეხლო ჩამოაწერეს და იჯარის გადახდის ვალდებულებაც გადაუვადეს.
თბილისის საკრებულოს წევრი ანა გოგოლაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ თბილისში უკვე ნორმად იქცა ახლადდამონტაჟებული და წაქცეული ავტობუსის მოსაცდელები, გარე განთების ბოძები, ჩამოვარდნილი ჭერები, საზეიმოდ გახსნილი და ჩავარდნილი ხიდები და სხვა მსგავსი შემთხვევები, რადგან შემსრულებელი კომპანია ყოველთვის მთავრობასთან დაახლოებული პირების საკუთრებაა.
„თბილისში, ავტობუსის 700 მოსაცდელის დამონტაჟების ექსკლუზიური უფლება 2016 წელს მერიამ კომპანია „ალმას“ გადასცა, ხელშეკრულების გაფორმება უტენდეროდ, ინტერესთა გამოხატვის გზით მოხდა. ამ კომპანიის უკან ცნობილი ბიზნესმენი და ქართული ოცნების მხარდამჭერი სოსო ფხაკაძე დგას.
მერიასგან „ალმას“ დაევალა ავტობუსის მოსაცდელების დამონტაჯება, სამაგიეროდ 20 წლის განმავლობაში მას ექნებოდა სარეკლამო ადგილების გამოყენების და შესაბამისად გაქირავების საშუალება. რეკლამის ფასები ათეულობით დოლარი ღირს, ხოლო „ალმა“ ვალდებული იყო 2016 წლიდან სახელმწიფოში იჯარის სახით 1 კვ.მ-ზე გადაეხადე 7 ლარი თვეში. სამუშაოები 2017 წელს უკვე უნდა დასრულებულიყო.
როდესაც 2021-2022 წლის საკრებულოს დადგენილება ვნახე, 5 წლის თავზე კომპანიას კიდევ 160 მოსაცდელი ჰქონდა დარჩენილი. გარდა ამისა, შეუცვლეს იჯარის გადახდის წესი და 2016 წლიდან კი არა, როდესაც დაასრულებს სამუშაოებს შემდეგ დაიწყება ათვლა. ვადებში ვერშესრულების პირგასამტეხლო რაც იყო ისიც ჩამოაწერეს და გამოვიდა, რომ ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური თანხა დააკლდა. რამდენიმე დღის წინ შემოვიდა დამატებით საკრებულოში მოთხოვნა, რომ კომპანია „ალმას“ კიდევ 2 წლით, 2041 წლამდე გაუხანგრძლივდეს ამ მოსაცდელებზე რეკლამის განთავსების და თბილისელების ხარჯზე ფულის შოვნის ნებართვა. ნორმალურ ქვეყანაში, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარი ფაქტის გამო, სადაც მოსაცდელი წაიქცა, მინიმუმ უნდა უუქმებდნენ შეთანხმებას“, - ამბობს ანა გოგოლაძე.
მისი თქმით, თბილისის მერიას და აუდიტის სამსახურს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმართა და ამ დრომდე ელოდება პასუხებს.
„წერილობით მივმართე პირველი, თბილისის მერიას, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს თბილისის მასშტაბით დამონტაჟებული ავტობუსების მოსაცდელების შემოწმება, ვინაიდან მოსაცდელების ხარისხიდან გამომდინარე, არსებობს ეჭვი ვიხილოთ ანალოგიური სურათი. ასევე, მივმართე აუდიტის სამსახურს, მისი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლოს თბილისის მერიასა და კომპანია ალმას შორის დადებული ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობა, რომელშიც ბევრი საეჭვო გარემოება იკვეთება. თუმცა გასაგებია რატომ ხდება ასე, ეს არის „ვისოლის“ შვილობილი კომპანია, სოსო ფხაკაძის „ქართულ ოცნებასთან“ კარგი ურთიერთობის შესახებ კი ყველასთვის ცნობილია“, — აღნიშნავს გოგოლაძე.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 1–ელ ნოემბერს შპს „ალმა ტრანსპორტი“ შეერწყა შპს „ალმას“ და 3 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, მერიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მხარედ განისაზღვრა შპს „ალმა“.
დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ კომპანია „ალმასაც“ დაუკავშირდა, თუმცა ჩვენს კითხვებზე პასუხების გაცემა 14 აპრილიდან დღემდე ვერ მოხერხდა.
ნინო თამაზაშვილი